კალენდართან შეხმატკბილებული ურთიერთობით ვერასდროს დავიკვეხნიდი ან რა საჭიროა კვეხნა, არ ვიცი არ ვიცი, ჩემო ღმერთმანი რამ ჰამბავია...
ნეტა რა მინდოდა?
ააააა, შედეგი არ მოჰყოლია და კმაყოფილიაო...
ისევ ჩემსა და კალენდარს შორის ღრმად ფესვგადგმულ და ძვალსა და რბილში გამჯდარ უთანხმოებას თუ არა შეუთანხმებლობას მივუბრუნდე, ჯობს, ასე ვჰგონებდე იქნება მე და ასე იქნებოდეს იქნება უმჯობეს.
ეს შეგრძნება, ზოგად დაკვირვებებს თუ გადავავლებ არა თვალს, არამედ გონს, წელიწადში ორჯერ მეწვეოდა, ჩემს დაბადების დღეზე და ახალ წელს.ახლა კი მეტისმეტად უდროო დროს შემომიცუცქდა, ჯერ ერთი რომ დღე არაა ახლა და მით უმეტეს დაბადაბის და მით უფრო უმეტეს ჩემი და მეორეც _ ისევ კალენდარულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი წელი არც თუ დიდი ხნის ჩავლილია, წლის ჩავლისა რა მოგახსენოთ და თვე კია გასული.
არა, ეს უშედეგობით კმაყოფილება მაინც რაა ჰა?
ახალწლურდაბადებისდღეურად ვიჭედები დროში და არის მხოლოდ ახლა, რომელიც იყო და რომელიც უნდა იყოს და ეს ახლა სულაც არ არის ახლა... დაახლოებით ისევე, როგორც მე რომ მე იმიტომ ვარ, შენ რომ შენ ხარ და ის _ ის და რომ არ იყოს ის და რომ არ იყო შენ, რომც ვყოფილიყავი მე არ ვიქნებოდი. და ღამეც იმიტომ არის ღამე, რომ თენდება და გათენებაც იმიტიმ არის გათენება, რომ მერე დაიბინდოს. თვალები იმიტომ მაქვს, რომ ზოგჯერ მღვიძარემაც დავხუჭო და წარმოვიდგინო: რომ ვარ და არ ვარ მარტო, რადგან მარტო ვიქნებოდი მაშინ, თუ მივატოვებდი ან მიმატოვებდნენ, მე კი ასეთი ვინმე არც არასდროს მყოლია... წარმოვიდგინო, რომ მე ვარ სიზმარი დროდადრო რომ მისიზმრებ ხოლმე, ანდა ვისიზმრებ...
შედეგი? არა არის, მაგრამ კმაყოფილიაო.
ჩემი უდღეური შეგრძნება კი ისევ მასურვილებს ვიფიქრო კარზე, რომელიც გადის აივანზე, და ეს აივანი აივანი მანამ გგონია, სანამ მასზე გახვალ. აი გახვედი. იცი, რომ უკან კარია, რომელიც მანამ გგონია კარი, სანამ უკან მიუხედავ, შინ შებრუნებას დააპირებ. უკვე მიბრუნდი და სარკმელია...
კმაყოფილებიც ისევ არიან, შედეგი კი არ არის მაინც...
შენი წილი მთვარეც ჭიქაში მყავს შენახული, მაჯაზე ისევ გვირილის დასრესილი გულის სურნელი ამდის, გარეთ -8 გრადუსია, საათი 3სთ-სა და 23წთ-ს აჩვენებს, კალენდარი 31 იანვარს, მე კი მაინც ვერ გავიგე "შედეგი არ არის,მაგრამ კმაყოფილია"ს არსი და აზრი, გნებავთ ფილოსოფია...