mercredi 30 décembre 2009

შაქარი გემოვნებით და ფქვილი შეზელამდე

ხოფერია და ლომიძე დაძმობილდნენ და თვალზომითა და ხელის ჭკუით, ნუ შიძლება ფეხისაც, მიმოხეტიალისა და სხვა მრავალ მსგავს ადგილთა მოხილვის შემდეგ შეიჭრნენ ნავთსაყუდელში კი არადა სამზარეულოში. აიღეს განუსაზღვრელი ზომისა თუ მოცულობის ჯამი, ან თასი ან ლანგარი ან რაღაც კიდე ამისთანა იქნებოდა იქ, დიდი ეჭვი მაქვს, ჰოდა ასე იყო იყო თუ ამგვარად დაიწყეს... დაიწყეს მარა რა დაიწყეს, თქვიფეს გარომელიღაცფერებამდე, შეაზილეს რამდენსაც შეიზელდა, მიიყყვანეს არაჟნის სისქემდე, მე მაპატიეთ, სქელი არაჟნის სისქემდე. ცოტაც დაითმინეს, სანამ მიღებულმა მასამ ჯამი მეოთხედამდე არ შეავსო... აი აქ კი ჰოი საოცრებავ, ნოესაც და თქვენს მონას თუ არა მორჩილს მაინც, ან არც მორჩილს, ფრიად მნიშვნელოვნად გაუნათდათ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იკითხეს: კი მაგრამ მე თუ სხვა ზომის ჯამი თუ თასი მექნა, იმაში რა ზომამდე უნდა მივიყვანო-მეთქი? თუმცა ნოე ამაზე არ შეჩერებულა, უფრო ჩაუღრმავდა ამ ფართო მნიშვნელობის საკითხს და არც აცია, არც აცხელა და კატეგორიულად განაცხადა: ეს რაღაც ნივთიერება ამ რაღაც ნივთში რანაირად უნდა მოვათავსო ისე, რომ მეოთხედამდე გავიდესო? საბედნიეროდ უმალვე გაირკვა რომ გამეოთხედება ვერტიკალურად უნდა მომხდარიყო და არა ჰორიზონტალურად, როგორც ეს ნოეს წარმოედგინა... ამ გადახვევის შემდეგ ისევ მივუბრუნდეთ დაძმობილებუთ. ამასობაში ღუმელი გაუცხელებიათ, მაგრამ ცხელიც არის და ცხელიც, მიღებული მასა თითის სისქემდე გაუბრტყელებიათ, მაგრამ თითიც არის და თითიც და ამ ცხელ-ცხელ ღუმელშიც მოუთავსეbიათ. ისევ ლოდინიღა დარჩა, მაგრამ სანამდის, როდემდის? არც მეტი და არც ნაკლები გაყავისფერებამდე ან იქნებ გარძიანყავისფერებამდე...
მე მაპატიეთ, ამდენ საცოდაობას ვეღარ ვუძლებ, საცაა ჩემი ნერვები დანის წვერზე მოთავსდება... მანამ მეყოლეთ კარგად სანამ კარგად გათქვეფილები გადმობრუნებისას გადმოღვრას არ დაიწყებთ.

mardi 29 décembre 2009

აქ

ხავსიანი ქვების ნაწვეთურით ავივსე პეშვი
ავრეკლე მთვარე
ვაქციე შენად
სად ხარ?
უკვე თითებ შორის ჩამეწრიტა მთვარე
მომედო ხავსი მთვარისსუნიანი
სად ხარ?

და წვეთ-წვეთ ჩამღვრიხარ თურმე,
თურმე აგივსივარ
ჩემს ხელისგულში დაგიტევია ზეცა.
მერე მომხავსებიხარ მთვარედ...
გიკითხავს: სად ხარ?

vendredi 18 décembre 2009

a=b, b=c, a=c

ამობობენ: კაცი იმედით ცოცხლობსო.
იმასაც გაიგონებ: იმედი ბოლოს კვდებაო.
ჰოდა თუ a მაშინ b, და თუ b მაშინ c, მაშასადამე თუ a ესე იგი c.
რა გამოვიდა?! დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ გელით უიმედოდ სიკვდილი...
მე მაპატიეთ, მაგრამ მარტივი ლოგიკაა

jeudi 17 décembre 2009

début = Endspiel ან უფრო début ∩ Endspiel

სამოცდაოთხივე დიაგონალით გაყოფილი ერთდროულად მუქიც და ღიაც, ყველა მხოლოდ a და ყველა მხოლოდ 1, ოცდათორმეტივე თანაბრად "შავი", თანაბრად "თეთრი" იმავდროულად, აკეთებ სვლას და დგახარ იქვე, კლავ და კვდები, ხედავ დადიხარ ყველა მიმართულებით მხოლოდ მეზობელ a1-ებზე ისევ a1-იდან, მაინც ხარ მეფე და გყავს ლაზიერი, ტოლფასი 2 ეტლის, კუების, მხედრების და ცვლი კიდეც მეფე მათში, ერთს ბევრში, ცვლი და კარგავ ნელ-ნელა, ერთიანად დაკარგვის შიშით. შიში სხვაცა გაქვს: შენთვის მიუწვდომელ რომელიმე a1-ზე არ აღმოჩნდეს... ამიტომაც იშორებ ნებით...
სამოცდაოთხივე ერთდროულად მუქიც და ღიაც გაყოფილი დიაგონალით, ყველა მხოლოდ a და ყველა მხოლოდ 1, ოცდათორმეტივე თანაბრად "შავი", თანაბრად "თეთრი" იმავდროულად. აკეთებ სვლას და დგახარ იქვე, კლავ და კვდები, ხედავ: დადის ყველა მიმართულებით მხოლოდ მეზობელ a1-ებზე ისევ a1-იდან და მაინც ის არის მეფე, ყავხარ შენ _ ლაზიერი და ტოლფასი ხარ ორი ეტლის, კუების, მხედრების; და შენ აშამათებ შენივე გვერდით მდგომს შენი შავი ნახევრიდან თეთრი რომ ჩანდა...

mardi 15 décembre 2009

გაიტანეთ გრენლანდია კი არადა ღიმილი გერმანულად

მიიხატე ღიმილი... დღეში მრავალგზის და ყოველ ჯერზე ან საერთოდაც პირველად შემხვედრს თუ მომხდურს, მეგობარს თუ "მეგობარს", "მტერს" თუ "მოყვარეს", პატრონს, მყვარებელს თუ მფრინავი იდეებით შეპყრობილ ადამიანებს და სხვათა და სხვათა დაემშვიდობე საერთო მოხმარების წყალწყალა tschüs-ით რა თქმა უნდა ფრიად მეტყველი ღიმილითა და გამოუთქმელი ემოციიით...
საერთოდაც რომ არ განაღვლებდეს, თუკი სიტუაცია მოითხოვს, უბრალოდ თქვი Es tut mir leid... მერე გინდა გაირე, გინდა გაატარე, გინდაც გადაუხვიე და კიდე სხვა მრავალი. მერე რა თუკი მართლა აღელვდი, მართლა განიცადე ნებსითი თუ უნებლიე, მისაყრდნობად ხეს ან კედელსაც თუკი დაუწყე ბინდგადაფარებული მზერით ძებნა და გაოგნებისგან ვეღარც ამოილუღლუღე Es tut mir leid, ესე იგი შენთვის სულერთია... მერე კი შეიძლება შეშფოთდნენ ან აღშფოთდნენ ამის გამო, ეს აუცილებლად გითხრან და გაიარონ ან გაატარონ, ან ერთიცა და მეორეც სახიდან, ამ თუ მათ შემთხვევაში უგულწრფელესი, და უპირობო რეფლექსად ქცეული ღიმილის მოუშორებლად...
და ხშირ-ხშირად, დაახლოებით იმავე სიხშირით როგორითაც tschüs ან უფრო მეტითაც, იმეორე danke და bitte, შიგადაშიგ შეგიძლია ორივეს დაურთო schön და ამავდროულად სახის კუნთები იმგვარ მდგომარეობამდე მიიყვანე, რომ ღიმილად აღიქვან...
დახუჭე თვალები და ისე პირობითად გაიღიმე...და ნუ იფიქრებ, მერე როცა გეღიმილებოდეს იქნება, ვეღარ შეძლო, გადაგეცვითოს... დახუჭე თვალები და მხოლოდ აღიმილებულზე გაახილე...
მანამ კი უბრალოდ ეგონოთ...

samedi 12 décembre 2009

უსასრულობა _ მე,
მხოლოდ ერთი დღე შენ...
შენ გარეშე მე მაინც ვერ ვარ უსასრულობა.
შენ, შენ ხარ დრო, მე კი-წამი,
ჩემით ითვლები,
მე მე ვარ ზღვა და შენ ხარ წვეთი, შენით ვივსები
გაგიმეტე და გამიხდი მეტი...
დამრჩა სიტყვები.