mercredi 30 décembre 2009

შაქარი გემოვნებით და ფქვილი შეზელამდე

ხოფერია და ლომიძე დაძმობილდნენ და თვალზომითა და ხელის ჭკუით, ნუ შიძლება ფეხისაც, მიმოხეტიალისა და სხვა მრავალ მსგავს ადგილთა მოხილვის შემდეგ შეიჭრნენ ნავთსაყუდელში კი არადა სამზარეულოში. აიღეს განუსაზღვრელი ზომისა თუ მოცულობის ჯამი, ან თასი ან ლანგარი ან რაღაც კიდე ამისთანა იქნებოდა იქ, დიდი ეჭვი მაქვს, ჰოდა ასე იყო იყო თუ ამგვარად დაიწყეს... დაიწყეს მარა რა დაიწყეს, თქვიფეს გარომელიღაცფერებამდე, შეაზილეს რამდენსაც შეიზელდა, მიიყყვანეს არაჟნის სისქემდე, მე მაპატიეთ, სქელი არაჟნის სისქემდე. ცოტაც დაითმინეს, სანამ მიღებულმა მასამ ჯამი მეოთხედამდე არ შეავსო... აი აქ კი ჰოი საოცრებავ, ნოესაც და თქვენს მონას თუ არა მორჩილს მაინც, ან არც მორჩილს, ფრიად მნიშვნელოვნად გაუნათდათ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იკითხეს: კი მაგრამ მე თუ სხვა ზომის ჯამი თუ თასი მექნა, იმაში რა ზომამდე უნდა მივიყვანო-მეთქი? თუმცა ნოე ამაზე არ შეჩერებულა, უფრო ჩაუღრმავდა ამ ფართო მნიშვნელობის საკითხს და არც აცია, არც აცხელა და კატეგორიულად განაცხადა: ეს რაღაც ნივთიერება ამ რაღაც ნივთში რანაირად უნდა მოვათავსო ისე, რომ მეოთხედამდე გავიდესო? საბედნიეროდ უმალვე გაირკვა რომ გამეოთხედება ვერტიკალურად უნდა მომხდარიყო და არა ჰორიზონტალურად, როგორც ეს ნოეს წარმოედგინა... ამ გადახვევის შემდეგ ისევ მივუბრუნდეთ დაძმობილებუთ. ამასობაში ღუმელი გაუცხელებიათ, მაგრამ ცხელიც არის და ცხელიც, მიღებული მასა თითის სისქემდე გაუბრტყელებიათ, მაგრამ თითიც არის და თითიც და ამ ცხელ-ცხელ ღუმელშიც მოუთავსეbიათ. ისევ ლოდინიღა დარჩა, მაგრამ სანამდის, როდემდის? არც მეტი და არც ნაკლები გაყავისფერებამდე ან იქნებ გარძიანყავისფერებამდე...
მე მაპატიეთ, ამდენ საცოდაობას ვეღარ ვუძლებ, საცაა ჩემი ნერვები დანის წვერზე მოთავსდება... მანამ მეყოლეთ კარგად სანამ კარგად გათქვეფილები გადმობრუნებისას გადმოღვრას არ დაიწყებთ.

mardi 29 décembre 2009

აქ

ხავსიანი ქვების ნაწვეთურით ავივსე პეშვი
ავრეკლე მთვარე
ვაქციე შენად
სად ხარ?
უკვე თითებ შორის ჩამეწრიტა მთვარე
მომედო ხავსი მთვარისსუნიანი
სად ხარ?

და წვეთ-წვეთ ჩამღვრიხარ თურმე,
თურმე აგივსივარ
ჩემს ხელისგულში დაგიტევია ზეცა.
მერე მომხავსებიხარ მთვარედ...
გიკითხავს: სად ხარ?

vendredi 18 décembre 2009

a=b, b=c, a=c

ამობობენ: კაცი იმედით ცოცხლობსო.
იმასაც გაიგონებ: იმედი ბოლოს კვდებაო.
ჰოდა თუ a მაშინ b, და თუ b მაშინ c, მაშასადამე თუ a ესე იგი c.
რა გამოვიდა?! დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ გელით უიმედოდ სიკვდილი...
მე მაპატიეთ, მაგრამ მარტივი ლოგიკაა

jeudi 17 décembre 2009

début = Endspiel ან უფრო début ∩ Endspiel

სამოცდაოთხივე დიაგონალით გაყოფილი ერთდროულად მუქიც და ღიაც, ყველა მხოლოდ a და ყველა მხოლოდ 1, ოცდათორმეტივე თანაბრად "შავი", თანაბრად "თეთრი" იმავდროულად, აკეთებ სვლას და დგახარ იქვე, კლავ და კვდები, ხედავ დადიხარ ყველა მიმართულებით მხოლოდ მეზობელ a1-ებზე ისევ a1-იდან, მაინც ხარ მეფე და გყავს ლაზიერი, ტოლფასი 2 ეტლის, კუების, მხედრების და ცვლი კიდეც მეფე მათში, ერთს ბევრში, ცვლი და კარგავ ნელ-ნელა, ერთიანად დაკარგვის შიშით. შიში სხვაცა გაქვს: შენთვის მიუწვდომელ რომელიმე a1-ზე არ აღმოჩნდეს... ამიტომაც იშორებ ნებით...
სამოცდაოთხივე ერთდროულად მუქიც და ღიაც გაყოფილი დიაგონალით, ყველა მხოლოდ a და ყველა მხოლოდ 1, ოცდათორმეტივე თანაბრად "შავი", თანაბრად "თეთრი" იმავდროულად. აკეთებ სვლას და დგახარ იქვე, კლავ და კვდები, ხედავ: დადის ყველა მიმართულებით მხოლოდ მეზობელ a1-ებზე ისევ a1-იდან და მაინც ის არის მეფე, ყავხარ შენ _ ლაზიერი და ტოლფასი ხარ ორი ეტლის, კუების, მხედრების; და შენ აშამათებ შენივე გვერდით მდგომს შენი შავი ნახევრიდან თეთრი რომ ჩანდა...

mardi 15 décembre 2009

გაიტანეთ გრენლანდია კი არადა ღიმილი გერმანულად

მიიხატე ღიმილი... დღეში მრავალგზის და ყოველ ჯერზე ან საერთოდაც პირველად შემხვედრს თუ მომხდურს, მეგობარს თუ "მეგობარს", "მტერს" თუ "მოყვარეს", პატრონს, მყვარებელს თუ მფრინავი იდეებით შეპყრობილ ადამიანებს და სხვათა და სხვათა დაემშვიდობე საერთო მოხმარების წყალწყალა tschüs-ით რა თქმა უნდა ფრიად მეტყველი ღიმილითა და გამოუთქმელი ემოციიით...
საერთოდაც რომ არ განაღვლებდეს, თუკი სიტუაცია მოითხოვს, უბრალოდ თქვი Es tut mir leid... მერე გინდა გაირე, გინდა გაატარე, გინდაც გადაუხვიე და კიდე სხვა მრავალი. მერე რა თუკი მართლა აღელვდი, მართლა განიცადე ნებსითი თუ უნებლიე, მისაყრდნობად ხეს ან კედელსაც თუკი დაუწყე ბინდგადაფარებული მზერით ძებნა და გაოგნებისგან ვეღარც ამოილუღლუღე Es tut mir leid, ესე იგი შენთვის სულერთია... მერე კი შეიძლება შეშფოთდნენ ან აღშფოთდნენ ამის გამო, ეს აუცილებლად გითხრან და გაიარონ ან გაატარონ, ან ერთიცა და მეორეც სახიდან, ამ თუ მათ შემთხვევაში უგულწრფელესი, და უპირობო რეფლექსად ქცეული ღიმილის მოუშორებლად...
და ხშირ-ხშირად, დაახლოებით იმავე სიხშირით როგორითაც tschüs ან უფრო მეტითაც, იმეორე danke და bitte, შიგადაშიგ შეგიძლია ორივეს დაურთო schön და ამავდროულად სახის კუნთები იმგვარ მდგომარეობამდე მიიყვანე, რომ ღიმილად აღიქვან...
დახუჭე თვალები და ისე პირობითად გაიღიმე...და ნუ იფიქრებ, მერე როცა გეღიმილებოდეს იქნება, ვეღარ შეძლო, გადაგეცვითოს... დახუჭე თვალები და მხოლოდ აღიმილებულზე გაახილე...
მანამ კი უბრალოდ ეგონოთ...

samedi 12 décembre 2009

უსასრულობა _ მე,
მხოლოდ ერთი დღე შენ...
შენ გარეშე მე მაინც ვერ ვარ უსასრულობა.
შენ, შენ ხარ დრო, მე კი-წამი,
ჩემით ითვლები,
მე მე ვარ ზღვა და შენ ხარ წვეთი, შენით ვივსები
გაგიმეტე და გამიხდი მეტი...
დამრჩა სიტყვები.

mardi 27 octobre 2009

ერთხელაც _

              ალბათ  მაშინ, როცა 

                                     წუხილი  უკვე შემეძლება_

გიფიქრებ  ისევ.

ვიქნები  იქვე,

                    იქვე ახლოს  სადაც მსუნთქავდი,

                                        მსვამდი,

                                                   პურად  მამტვრევდი...


ვიქნები  ცა

ვიქნები  მტვერი...

           გავცამტვერდები

                                მანამ ვერ გიწუხილებ...

dimanche 27 septembre 2009

Chanson d' automne

Les sanglots longs

Des violons

De l'automn

Blesse mon coeur

D'une langeur

Monotonne

 

Tout suffocant

Et bleme, quand

Sonne l'heure.

Je me souviens

Des jours anciens

Et je pleure.

 

Et je m'en vais

Au vent mauvais,

Qui m'emporte

Deca, dela,

Pareil a la

Une feuille morte.


# 1

შემოდგომისთვის

ვიოლინოთ

გრძელი გოდება.

გულს მიშაშრავდა

დარდეულის ერთფეროვნებად.

სულთ გაკრთომისას

ფერთ შრტობისას

ზარი მზარავდა;

და მოგონება

ძველთა დღეთა

ცრემლი მბზარავდა.

გულბოროტ ქარებს

ავედევნე,

მივალ აქდან...

მკვდარ ფოთლის მიმსგავსს

მაფარფატებს

მე მწუხარება.


                                                      


 # 2

  უსასრულოდ დაჰქვითინებს

ვიოლინო

შემოდგომას

და გულს მიღრღნის

მწუხარებად

დარდი გამიერთფეროვნა.

სუნთქვაშემცბარს,

ფერგადამკრთალს

საათების რეკვა მზარავს;

გარდასულ დღეთ 

მოვიგონებ,

დამდინდება ცრემლი ღვარად...


წავალ სადმე,

ქარის ზუზუნს

გადავყვები

ფოთლის დარად.

                                               პოლ ვერლენი.

vendredi 25 septembre 2009

...

დღე მიმწუხრი უერთურთოდ

                   გვიღამდება,

ულმობელი გვიდგას ჟამი.

ბუთა დროში, როცა დედა მართვეს მალავს,

სიყვარული არის შენთვის ადრიანი.


მახსოვს შენი ნაბიჯები სულ პირველი

უსიცოცხლო ამ ჩემს სახლში

ნამცხვრითა და იელებით.


მკრთალ-ყმაწვილი

სუნნელებდი ტყის ფურცლებით

და ზეცათა ღრუბელებით.


მეძვირფასებ-მეტოლები...

თქვენში სული ცოცხალია,

მე კი - ...

მე ხომ სიტყვებს,

მე ხომ ბეჭდებს შევტრფი.

                                /მარინა ცვეტაევა/

mercredi 23 septembre 2009

66-ე სონეტი

მხოლოდ სიკვდილის მოსურნება ძალმიძს შვებისთვის.

გადამეღალა სამზერელი სიავის ჭვრეტით.

ღატაკი ქვეყნად არ მოსულა, ალბათ, ლხენისთვის.

შემცნობელია აღარავინ სპეტაკი რწმენის.

ღირსება ალბათ თავდახრილი სადმე ილევა

და სრულქმნილებს სამარცხვინო ბოძზე აკრავენ,

უბიწოება გათელილა და კდემა კვდება,

ძალმომრეობა დათარეშობს და წამლავს წამებს.

მტირალ მესიტყვეს აუკრძალეს მოთქმა სათქმელის

და ბრძენს უბრძანეს ქერქეტისგან ითხოვოს რჩევა,

სიმართლისათვის სიმარტივე გახდა სახელი, 

ქმნულკეთილება ბოროტების ქცეულა მსხვერპლად.


მექნება ჭმუნვაც, საწუთროდან თუნდაც გავიქცე,

სულს სიყვარულის სიმარტოვე არ სურს დასიზმრდეს.

mardi 11 août 2009

...

სივრცის სიცივეში

      მე განვერიდე 

              უვრცესს

  არ გთხოვე რიდე, უბრალოდ განგერიდე...

ისევ და აღარ,

კიდევ და რადგან

ხარ, მაგრამ არ ვარ...

მხოლოდ მიგონებ არა დროდადრო,

         უფრო უდროოდ, გარეშე დროის...

ვარ მე–შენ, არა ჩვენ, მხოლოდ შენ, შენ–მე

მე _ მტკიცე და ლბილი

განგერიდები

           ნელინელ...

ხელი ხელს ხელდახელ, ფეხდაფეხ, კვალდაკვალ, გზადაგზა 

აქ ვარ და... 

თვალი თვალს, თვალდათვალ

ფიქრდაფიქრ, დროდადრო ძველისძველ სხივით ვქსოვ 

ჩემს რიდეს,

მე გისახსოვრებ ...

შეეფარე უვრცესს

ნუ მიმახსოვრებ...

lundi 3 août 2009

მისი აღმატებულება ნული, ანუ როცა 12–ი 13–ის ტოლია

იყო და არა იყო რა, ოთახში იდგა ყუთი, რომელზეც ერთ დროს ერთი ჩემი მეგობარი ხელებს ითბობდა, ამავე ყუთში ბებიაჩემი ვიღაც მარიებს, ბარბარებს და ა. შ. გაურკვეველი წაროშობის, სქესისა და ფერის ხალხს შესცქეროდა და მერე თვითონ რომ გოგოებს ეძახის, იმათთან ერთად ბჭობდა, თუ რა იყო მოსალოდნელი სამომავლოდ... მათი ამბებისა და ჩვენი ამბების, ანუ საინფორმაციოების ცქერისას შიგადაშიგ ბრაზობდა ხოლმე... განვლო ხანმა, ყოველივე გრძელდებოდა ჩვეულებისამებრ. ერთხელაც, ამ გაბრაზებისას მეც შევავლე თვალი ეკრანს რომ ეძახიან იმას და, ჰოი საოცრებავ, 12=13ო მამცნეს დიდის აღფრთოვანებით...  ამ ყუთიდან რომ ჭეშმარიტება ღაღდებდა, აქამდეც არ იყო უცხო ჩემთვისაც კი.

ასეთ ჭეშმარიტებას ნაზიარებმა ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი ფურცელს და ფანქარს, მივუსვ–მოვუსვი ხელი და ფურცელმა თქვა: ვთქვათ, 13 იყოს კ; ფანქარმა – 12 კი ჭ, მე კი გავიფიქრე, თუკი 13ა 12 კი ჭ, მოდით 13–12 იყოს ჰ. ასე და ამგვარად კ–ჭ=ჰ. ამის შემდეგ ეს ტოლობა თუ მისი ორივე მხარე გავამრავლე საკუთარ თავზე, ავაკვადრატე რა...  (კ–ჭ)(კ–ჭ)=ჰ(კ–ჭ); ასე იყო თუ ისე, ეს ფრჩხილებიც გავხსენი და დამხვდა აი რა: 2–2კჭ+ჭ2=კჰ–ჭჰ   ამაზე დიდხანს არ შევჩერებულვარ და სვლა განვაგრძე, ტოლობის ერთი მხარიდან მეორეში გადავიტანე რიცხვია თუ რაც არის ის და რა თქმა უნდა, ნიშანიც შევუცვალე, ტოლობა რომ არ დამრღვეოდა, ხუმრობა საქმე ხო არა იყო თორმეტს ვაცამეტებდი.  2–კჭ–კჰ=კჭ–ჭ2–ჭჰ ეს კია ასე, მაგრამ ამეზე ხო არ შევჩერდები და იქნებ ფრჩხილებს გარეთაც გამეტანა რაღაც, რა იცი რაში გამოგადგება ადამიანს–მეთქი, გავიფიქრე და... კ(კ–ჭ–ჰ)=ჭ(კ–ჭ–ჰ)... ამდენი ჩოჩვა–ჩოჩვისა და ამ კჭთ;ა აქეთ–იქით თრევით, ცოტა არ იყოს და, დავიღალე და გადავწყვიტე ტვირთი შემემსუბუქებინა. არც ვაციე, არც ვაცხელე და ტოლობის ორივე მხარე გავყავი ერთსა და იმავე (კ–ჭ–ჰ) რიცხვზე. ასე და ამგვარად (კ(კ–ჭ–ჰ)):(კ–ჭ–ჰ)=(ჭ(კ–ჭ–ჰ)):(კ–ჭ–ჰ) ტოლობა კი გაგრძელდა, სამაგიეროდ შემსუბუქდა ჩემი გუდანაბადი და ისე იქცა დ, როგორც იტყვიან, როგორც დაგიბარებიათო...

თუ დ იქცა, ეს ძვირაფასი თორმეტიც გამცამეტებია და ეგაა...

მანამ, სანამ მე ამას ვხლაფორთობდი, კიდევ ერთხელ შემახსენეს ზეჭეშმარიტება, რომ 12=13ს და ისიც დაურთეს, რომ ესაა ახალი ფორმულა... 

და თუ 12=13ს ფორმულაა, და თუ 12 ა და 13 კ, მაშინ ჭ=კც (იგივე კ=ჭც) ფორმულა ყოფილა...  და თუ ის მართლაც ფორმულაა და  საჭიროების შემთხვევაში თუკი შეგვიძლია ასოები რიცხვებითაც შევცვალოთ, საინტერესოა, რა შემრჩება ხელთ, როცა იმ ნაკანჭარებში რიცხვით მნიშვნელობებს შევიტან?

 ავიღე კ, ჭ და მათი სხვაობა ჰ, ანუ გამოვაკელი 13ს 12 და მივიღე 1. ბევრს არ მივედ–მოვედე, ერთი უკან კი მივიხედე და რას ვხედავ (კ–ჭ)(კ–ჭ)=ჰ(კ–ჭ) << 2–2კჭ+ჭ2=კჰ–ჭჰ <<  2–კჭ–კჰ=კჭ–ჭ2–ჭჰ  << კ(კ–ჭ–ჰ)=ჭ(კ–ჭ–ჰ)  <<   (კ(კ–ჭ–ჰ)):(კ–ჭ–ჰ)=(ჭ(კ–ჭ–ჰ)):(კ–ჭ–ჰ)  <<  ჭ=კ ან და ანუ კ=ჭ   არ მოიზლაზნება...   მეც ეს მინდოდა, მივდექი და ჩავსვი და ჩავსვი 12–13ები თავთავის ადგილას  და ისინი მხლოდ მაშინ გაუტოლდნენ ერთმანეთს, როცა განულდნენ...

12იც იქა, 13იქა, კან, ჭარ ჰაეც მივაყოლე და 0 აქაო...

samedi 11 juillet 2009

ბევრი ხვალინდელი დილა გაგთენებოდეთ და მე თავი დამანებეთ!!!

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემგან ევროპელი ვერ დადგება!!!

რატომ?

საერთოდ აღარ შემიძლია შფოთვა და გმობა...

აღმაშფოთებელ–აღსაშფოთებელ–საგმობ მიზეზ–საბაბებს კი იცოცხლე, არ ვიშურებ არავისთვის. 

არავინ, ვერავინ, ნურავინ; არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი; არარა, ვერარა, ნურარა_  დიახ, დიახ ნაცვალსახელებია, თანაც უარყოფითი და ვინ უწყის რამდენი სახელი უარვყავი ჩანაცვლებით...  მოდი და ნუ აღშფოთდები, სახელოვანი რომ გგონია თავი?!  ისე, თავიც ნაცვალსახელობს ხოლმე შიგადაშიგ, ისევე როგორც კაცი. ამ უკანასკნელთ რაც შეეხებათ, უარყოფითობამდე ხელი ვერ მიუწვდებათ, თავი პირის ნაცვალსახელებს მიეტმასნებასავით და უკუქცევის ფუნქციას ითავსებს, კაცი კი, არც მეტი და არც ნაკლები, განუსაზღვრელობითია...  ეს ისე, უცებ გამახსენდასავით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ენა გვაფიქრებს ისე, როგორც ვფიქრობთ, ყოველ შემთხვევაში, მე მაფიქრებს და სხვების ცოდვაში ფეხს ვერ ჩავიდგამ, ხელი ისეც ბევრგან მირევია...

ხელებს და ფეხებს ამჯერად თავს (დიახ აქ ნაცვალსახელობს) დავანებებ და...

რაღაც სულ სხვა მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავის დანებებამ მიიპყრო ჩემი თვალთახედვა და ყურადღებაც...  დავანებებ თავს  _ და–ვ–ა–ნებ–ებ   მე მას მას, მე გასაგებია მეა ანუ პირველი პირია; ერთი მას გასაგებია მას ანუ ის ანუ მესამე პირია, მეორე მას კი ის, ანუ თავი და აქ და ამჟამად პირველი პირია, ანუ მესამეა, მაგრამ პირველია ან კიდევ უფრო სწორად თუ ვიტყვით, პირველი, მაგრამ მესამე... ახლა გეკითხებით მე თქვენ, რა ქვია თავს რომ გაიმესამეპირებ?

ახლა ასე გამესამეპირებულმა (თუნდაც გაუმესამებელმა) ამ ყველაფერს შემოვუაროთ და რას ნახავ?  თურმე ნუ იტყვი და ერთ ქმედებაში ერთ პირად, სუბიექტად ყოფნა არ გეყო და გაობიექტდი კიდეც... ესე იგი და ამგვარად მოქმედიც ვარ თუ ხარ თუ არის და სამოქმედოც...  ანუ ვმოქმედებ და განვიცდი მოქმედებას, ეს ვნებითი გვარის განსაზღვრებას ემსგავსება, არადე ეს ოხერ–ტიალი მოქმედებითისაა...  არა რა, თუ ხარ თავი დავანებე უნდა იყო, ვნებით–მოქმედებითი!!!   აბა საშუალობა ამასთანა რა მოსატანია, როცა მოქმედებ, არც თავად განიცდი მოქმედებას და არც სამოქმედო მოგეპოვება პირდაპირი ობიექტის სახით... რა ჯობია იმის შეგრძნებას, როცა შენვე ხარ შენი პირდაპირი ობოექტი!!!

ეს სად გადავეშვი?   ხომ ვამბობდი, შორს ვარ–მეთქი ევროპიდან!!!  

მართლა, ევროპაზე გამახსენდა, გერმანელებისთვის დღე ხვალე დილიდან რომ იწყება ამ ორ სიტყვაზე ერთი თვალის შევლებითაც მიხვდები der Morgen(დილა) და  morgen(ხვალ)...

მოდი და ამიხსენი ახლა ამ მოქმედებით–ვნებითს, რას ცვლის დიდი ასოთი დაწერა ან არტიკლთან ერთად ხმარება?!

რამდენიც უნდათ der Morgen–უ–morgen–ებიათ, მე ეს ვერც შემაშფოთებს, ვერც აღმაშფოთებს და არც დავგმობ!!!

jeudi 2 juillet 2009

შემომეანდაზა

ამ დღეებში რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი რამ დავასკვენი, აი მე რომ ქართულ ანდაზებს ვეძახი თუ ვუწოდებ ხოლმე, სწორედ ისეთი.  თუმცა დავუძახებ თუ ვუწოდებ, მაინც ერთი ფასი აქვს...  ამ აზრამდეც ე.წ. ქართულმა ანდაზამ მიმიყვანა. აი ეს ლეგენდარული წარმონაქმნიც:

 ”ყველაფერი წარმავალია, გაუფრთხილდით ნერვებს...

პ.ს.   მხოლოდ ნევროზია მარადიული”....

ამან კიდე ერთი ოღონდ არა ამასავით ”ქართული ანდაზა”  გამახსენა. დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს, nulla regula est sine exeptione, ანუ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეო, ასე ამბობდნენ ლათინებიო...  არა ისე ლათინები რომც არ ყოფილიყვნენ, მაინც ასე იქნებოდა...

ჰოდა გადავწყვიტე გავუფრთხილდე, შეძლებისდაგვარად მაინც,  ნერვებს...  ახლა დასადგენი და  გადასაწყვეტი ისღა დამრჩა, რისგან უნდა დავიცვა ჩემი ღრმად პატივცემული მისი უაღმატებულესობა ნერვი(-ები)...  

რისგან?  რისგან? რისგან , რისგან და ყველაფრისგან...   დიახ, სწორედაც რომ ყველაფრისგან...

რატომ?

აი კიდევ ერთი ”ქართული ანდაზაც” მოვწყვიტე პირდაპირ ჰაერში:

”სჯობს არაფრისაგან იყო მოტყუებული, ვიდრე ყველაფრისაგან...”

vendredi 5 juin 2009

...

შენ ხარ ნათელი ჩემი, ნათელი ჩემში

და ნათელში ვარ...                                                                     

ნათელში მახლავს სუნნელი შენი

                 ლბილი და ტფილი...

/დამესიზმრა? /

შემეხე ხელზე... ხელი მახლე...

ახლო მოდი!

მოდი,

მეახლე...

სუნთქვა გამიკრთა...

თრთოლვით დამდე თვალს ბრმობილს ბაგე...

შუბლი მაქვს გრილი,

მკრთალი უფრო შენს ფითრ თითებზე...

/ ვერ გამიმეტე? /

/სისხლია სქელი, მუქი და უქმი.../

ნუ გაგიმეტო ძრწოლა ჩემით მინდა,

მწადია...

შენით მოკვდომით უუნათლე განთიადია                             

/ და მზის დასვლისას ათინათი ხარ (?) /

რულში გრძნობ როგორ გეთბილება ჩემი ხელები გრილი მუდამ, უფრო ცივიც...

გეალერსები, 

ელვად გედები...

ნუ გეელდები

სუნთქვა შენი საფეთქელთან ცვარად დამებნა...

და სულთქმით ისე მეალერდები:

მიჭირს გამხელა თავისთვისაც, თვალის გახელაც...

მიჭირს არ მჯერაც...

არ დაჯერებით,

შენი რწმენით მომაბრუნე,

მომე გაძლება...

mercredi 6 mai 2009

"არა გიცნი თქუენ" (მათე25,12)

დაშუაღამდა  _  გელის სასიძო, სანთლები რომ მოგაბარა...

და შენ არ გახსოვს:

არც მოლოდინი...

არც სანთელი...

/არადა შენ უნდა ელოდე.../

გელის სასიძო,

ელის მოლოდინს...

mardi 5 mai 2009

...

ვესიზმრები

      მე

      მზეს...

მე სიზმრები მზეზე

      დამრჩა

       შენთან...

ვზოგავ

    სათქმელს

     ზოგს

        და ზოგჯერ...

ვჩუქნი 

      დროს

      სიტყვებს,

      სიტყვებში სივრცეს

          _ ცივს არა, მზის ნასიზმრს...

 ...მისიზმრე...

lundi 13 avril 2009

მო... მე...

მომე ლანდები!

მო...  (მელანდები აღარ?)

დაგეძებ  არსით,

             გპოულობ არსად... 

ზღვა ტერფებს მწვდება,

               მიფარავს თხემსაც...

კანს თხელს და მჭვირვალს ედება ქვიშა...

დავკარგე ლანდი...

jeudi 9 avril 2009

მარტივი კითხვა

ჩვენ_მარტო თუ ჩვენ _ ერთად?

უფრო მექართულება

სახელობითი

მოთხრობითი

მიცემითი

სტუმრობითი...

jeudi 2 avril 2009

sale ქართულად

რომანტიკული ფასები...

...

მე ვიყავი ბრმა და მესიზმრებოდა...

მესმოდა როგორ ჩადიოდა მზე,

ვხედავდი ქარს...

მე ვიყავი ბრმა...

მერე დავიწყე მზერა...

ახლა მზე მეყინება თვალებში,

ქარი დასრიალებს ჩემს თითებს შორის

და თბება ვეღარ...

vendredi 27 mars 2009

გერმანული სინტაქსი

   ვიდრე  საშინელ განზრახვას მივუხვდებოდი, უკვე გვიან იყო... თავისი ბინძური განზრახვა მოთავებული ჰქონდა... 

jeudi 26 mars 2009

ქართული ანდაზაა...

    თუკი ვინმეზე გეტყვიან, თითით საჩვენებელიაო...  შესაძლოა მართალიც იყოს...   თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს...    უმჯობესია, გაარკვიოთ რომელი თითი გამოდგება საამისოდ...

mardi 24 mars 2009

დამაგისტრების შემდგომ...

     ოჰ ქალბატონო , ან უბრალოდ !

    რა მოიგონეთ _ არაა გაყიდვადი პროფესიაო?   აბა რასა ბრაძანებთ?!... არა კი არა გაიხედავ–გამოიხედავ–ჩაიხედავ–თვალს ჩაკრავ თუ გადაკრავ, ყველგან კ ო მ პ ა რ ა ტ ი ვ ი ს ტ ი კ ა შემოგეჩხირება და გაგეჩხირება.... უნდა ითქვას, რომ მეტისმეტად ფართო პროფილოვან–პროფილოსანნი ვართ...
  ლიტერატურასა და ლინგვისტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველაფერი კომპარატივისტულია _ სამართალი (ეგ რომ ფაქტობრივად მართლა შედარებითი იყო, ეჭვი კი მქონდა, მაგრამ ასე ოფიციალურად თუ განაცხადებდნენ, არ მეგონა), ისტორია და კიდე რა ვიცი რა აღარ...
    ერთი სიტყვით, მოკლედ და კონკრეტულად დავასკვენ–დავანაფსკვენე, რომ თავად ცხოვრებაა ფრიად კომპარატივისტული რამ წარმონაქმნი...
 
                                    mit freundliche Grüsse... თვით სანდრო


samedi 21 mars 2009

...

აღმაფრთოვანებს, როცა ფაქტების კონსტანტაციას (თუ კონსტატირებას?)  ფაქტების გარეშე ახდენენ...

განგრძობითი დრო

მინდა plusquamperfektად გაქციო, მაგრამ ჯერ ისევ imperfektი ხარ

vendredi 20 mars 2009

...

ხვალიდან დღემდე 

გზებზე

ხვალინდელ დღეზე

ვფიქრდები...

გზას მოაქვს გზადაგზა...

ხანდახან

თანდათან

ვილევი...

გზად ვხვდები...

თან ვხვდები, ამ გზაზე

არასდროს დამხვდები...

13

ცამეტი    ორჯელ ხუთი და სამი. 

ს.ს. ორბელიანი"ლექსიკონი ქართული" (II)  გვ. 331

jeudi 19 mars 2009

......

ბევრ ფიქრს გადაფიქრება სცოდნია.

mardi 17 mars 2009

მორფოლოგიური განცხადება

ვარ პირველი პირი, ვეძებ მეორეს....
მესამეები არ გამომეხმაუროთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


samedi 14 mars 2009

...

შველა არსაიდან...
როგორ შევიძლო, როგორ გავძლო...
დათმენა დათმობა არ გეგონოს;
სხვა არ მწადს, 
არ მწამს
და შენ... – არ ვიცი...
არ ვიცი რატომ ხარ შენ?!
/იქნებ იმად რომ ეს ყოფნაც მყოფნის/

არ გემსხვერპლები,
  გეწყალობები.

ვწუხვარ,
  წახვიდე უნდა...
დაგედევნები _  
  გამდევნიან.
 და ეს იქნება მერემდე.
მერე _ დღე მერვე, უჟამობა _  
  უგანთიადოდ ინათებს,
მერე აღარ დაიბინდებს ხვალისათვის...
ვერასდროს ვიტყვი: „ხვალ, ოდეს მოხვალ...“

და ყველაფერი იქნება დღეს...
  იქმნება...

დღეში ვიქნებით...